პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი (PCOS) მსოფლიოში მილიონობით ქალს აწუხებს, რომელიც რეპროდუქციული, მეტაბოლური და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის პრობლემების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია.
მაკგილის უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის კლინიკის ხანგრძლივმა პროსპექტულმა კვლევამ გამოავლინა, თუ როგორ შეიძლება PCOS-ის ერთ-ერთმა ძირითადმა კრიტერიუმმა – პოლიცისტური საკვერცხეების მორფოლოგიამ (PCOM), რომელიც თავის მხრივ ვლინდება ულტრაბგერაზე 12 ან მეტი მცირე ზომის (2-9მმ) ფოლიკულის არსებობით – იწინასწარმეტყველოს ქრონიკული დაავადებების გაზრდილი რისკი გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს მონაცემები ფუნდამენტურად აღრმავებს PCOS-ის სხვადასხვა ფენოტიპის გაგებას და ხელს უწყობს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული თერაპიული სტრატეგიების შემუშავებას.
კვლევის დეტალები:
ეს პროსპექტული კოჰორტული კვლევა (PCOS-ით დაავადებულ) 340 ქალს აკვირდებოდა 37 წლის განმავლობაში. მონაწილეები დაყვეს ორ ჯგუფად: PCOM-ის მქონე (189 ქალი) და PCOM-ის არმქონე (151 ქალი), რომელთაც, მართალია ულტრაბგერაზე კლასიკური პოლიკისტური საკვერცხეები არ გამოუვლინდათ, მაგრამ აკმაყოფილებდნენ როტერდამის კრიტერიუმის დანარჩენ პირობებს (ოლიგო/ამენორეა და /ან ქრონიკული ანოვულაცია; კლინიკურად ან ბიოქიმიურად გამოვლენილი ჰიპერანდროგენიზმი).
კვლევის საბაზისო შეფასებისას (baseline), PCOM-ის მქონე ქალები უფრო ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ მათ აღენიშნებოდათ მნიშვნელოვნად გაუარესებული მეტაბოლური მაჩვენებლები. ეს მოიცავდა სხეულის მასის მაღალ ინდექსს, ინსულინრეზისტენტობას, მაღალ ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებსა და ანდროგენების მომატებულ დონეებს.
ეს მეტაბოლური დისფუნქცია ზრდის ისეთი პათოლოგიების განვითარების რისკს, როგორიცაა ტიპი 2 დიაბეტი და ნეიროდეგენერაციული დაავადებები (მაგალითად, ინსულინდამოკიდებული დიაბეტით მიმდინარე ნეიროდეგენერაციული დარღვევები – NIDD). ფაქტობრივად, PCOM ჯგუფის ინდივიდებს თითქმის სამჯერ მეტი ალბათობა ჰქონდათ, რომ ცხოვრების შემდგომ ეტაპზე განვითარებოდათ NIDD, PCOM-ის არმქონე ქალებთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ PCOM ასოცირდებოდა გაზრდილ მეტაბოლურ და ნეიროდეგენერაციულ რისკებთან, კვლევის ხანგრძლივ პერიოდში ჯგუფებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა სხვა ქრონიკულ დაავადებებში (მათ შორის კარდიოვასკულურ პათოლოგიებში ან სიკვდილიანობის მაჩვენებლებში). ეს მიუთითებს იმაზე, რომ PCOM საშუალებას გვაძლევს, ადრეულად გამოვავლინოთ PCOS-ით დაავადებული ქალების ის ქვეჯგუფი, რომელსაც მეტაბოლური ჯანმრთელობის ყველაზე მძიმე პრობლემები აქვთ. თუმცა, ის შესაძლოა, არ იყოს ყველა გრძელვადიანი შედეგის ერთნაირი ინდიკატორი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს PCOS-ის ჰეტეროგენულ ბუნებას.
ეს კვლევა, რომელიც PCOS-ის კვლევებში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი დაკვირვების პერიოდით გამოირჩევა, იძლევა მყარ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ საკვერცხეების მორფოლოგია არის გრძელვადიანი მეტაბოლური რისკების შეფასების მნიშვნელოვანი მარკერი. ამ ნაშრომში ინტეგრირებულია დეტალური საბაზისო ჰორმონალური და მეტაბოლური პროფილები, ათწლეულების ჯანმრთელობის ზოგად მონაცემებთან. აქედან გამომდინარე, აუცილებელია PCOM-დადებით ქალებში მიზანმიმართული ადრეული ინტერვენციების დაწყება, რათა მომავალში გართულებების რისკი შემცირდეს.
წყარო: JAMA

