საქართველოში არითმიის მკურნალობის უახლესი მეთოდი პულსური ველით აბლაცია (PFA) დაინერგა

გააზიარე

საქართველოსა და კავკასიის რეგიონის სამედიცინო სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეა. კლინიკა „ჰელსიკორი“ პირველია რეგიონში, რომელმაც პაციენტებს არითმიის მკურნალობის ყველაზე თანამედროვე და უსაფრთხო მეთოდი პულსური ველით აბლაცია (PFA) შესთავაზა. კომპანია Boston Scientific-ის მხარდაჭერით, საქართველოში ამ ტექნოლოგიის გამოყენებით პირველი წარმატებული პროცედურები უკვე ჩატარდა.

აქამდე არითმიის სამკურნალოდ ტრადიციული მეთოდები რადიოსიხშირული აბლაცია („მოწვა“) ან კრიოაბლაცია („მოყინვა“) გამოიყენებოდა. მიუხედავად მათი ეფექტურობისა, ორივე მეთოდი ექსტრემალურ ტემპერატურაზეა დაფუძნებული, რაც მიმდებარე სტრუქტურების (საყლაპავი, ნერვები, სისხლძარღვები) შემთხვევითი დაზიანების რისკს ზრდის.

პულსური ველით აბლაციის მთავარი უპირატესობა მის მაქსიმალურ უსაფრთხოებაში მდგომარეობს, რადგან ტექნოლოგია საერთოდ არ იყენებს ტემპერატურას; იგი მოქმედებს ხანმოკლე, მიკრო და ნანოწამების ელექტრული იმპულსებით, რომლებიც მიზანმიმართულად მხოლოდ არითმიის გამომწვევ კერას ანადგურებს და სრულიად უვნებელს ტოვებს მეზობელ ორგანოებს.

მრავალრიცხოვანი კვლევებით დადასტურებულია, რომ PFA ბევრად უფრო შერჩევითია ქსოვილების მიმართ, ვიდრე ტრადიციული თერმული მეთოდები, რაც პროცედურის მაღალ სიზუსტესა და პაციენტის სწრაფ რეაბილიტაციას განაპირობებს. თავად ჩარევა გაცილებით ხანმოკლეა და ადამიანს საშუალებას აძლევს, მინიმალურ დროში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

„დიდი ხანია ვგეგმავდით ამ ტექნოლოგიის დანერგვას და კლინიკა „ჰელსიკორის“ მხარდაჭერით ეს უკვე შესაძლებელია; ჩვენ გავხდით პიონერები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში“, — აცხადებენ სამედიცინო გუნდში.

წყარო: Facebook

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები