სტიმულატორი თუ სრულფასოვანი ძილი? – ახალი კვლევა ADHD-ის პრეპარატებზე

გააზიარე

მსოფლიო მასშტაბით ADHD (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი)-ის დიაგნოზით მოსახლეობის დაახლოებით 5-7% ცხოვრობს. ამ სინდრომის სამართავად ისეთი პრეპარატები, როგორიცაა მეთილფენიდატი და ამფეტამინები, დიდი ხანია ’’კოგნიტურ მოდულატორებად’’ მიიჩნევა. ითვლებოდა, რომ ისინი პირდაპირ აძლიერებენ ტვინის იმ უბნებს, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციაზეა პასუხისმგებელი. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ბოლო 20 წელიწადში მათი მოხმარება საგრძნობლად გაიზარდა: ზრდასრულ პაციენტებში მოთხოვნა გასამმაგდა, ბავშვებში კი – გაორმაგდა, რაც ამ მედიკამენტებს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ფარმაკოლოგიურ ჯგუფად აქცევს.

თუმცა, ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებულმა უახლესმა კვლევამ სტიმულატორების მოქმედების აქამდე ცნობილი მექანიზმები ეჭვქვეშ დააყენა. თითქმის 12,000 მოზარდის თავის ტვინის ფუნქციური კავშირების შესწავლამ აჩვენა, რომ მოსაზრება, თითქოს სტიმულატორები პირდაპირ ყურადღების ’’ფოკუსირებას’’ ახდენენ, შესაძლოა მცდარი იყოს. 

აღმოჩნდა, რომ პრეპარატი ტვინის აქტივობას სრულიად განსხვავებულად “ანაწილებს”. შესაბამისად, საჭიროა, გადავაფასოთ არა მხოლოდ ADHD-ის მართვის მეთოდები, არამედ იმ ადამიანების მოტივაციაც, რომლებიც ამ ნივთიერებებს ყოველგვარი სამედიცინო ჩვენების გარეშე იღებენ.

აქამდე სტიმულატორების შესახებ ცოდნა მცირე მასშტაბის დაკვირვებებს ეყრდნობოდა, რაც ხშირად ურთიერთგამომრიცხავ შედეგებსაც იძლეოდა. ABCD კვლევის ფარგლებში კი მეცნიერებმა თითქმის 6000 უმაღლესი ხარისხის ნეიროვიზუალიზაციური სკანირება გამოიყენეს, რამაც მათ საშუალება მისცა, ტვინის მუშაობა მთლიანობაში, კონექტომიკის დონეზე, შეესწავლათ.

კვლევის დეტალები

ABCD კვლევის მთავარ ღირებულებას მისი მასშტაბურობა და რეალისტურობა განაპირობებს. მეცნიერები მხოლოდ ხელოვნური ლაბორატორიული გარემოთი არ შემოფარგლულან და 8-დან 11 წლამდე ასაკის მოზარდებს ხანგრძლივად აკვირდებოდნენ. სწორედ ამ პროცესმა გამოავლინა სტიმულატორების მოხმარების საგანგაშო სურათი: აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვების მხოლოდ მეხუთედს (20.7%) ჰქონდა ADHD-ის ოფიციალური დიაგნოზი, ვინც სკანირების წინ პრეპარატი მიიღო. ეს მონაცემი ნათლად ადასტურებს, რომ ამ მედიკამენტების გამოყენება სამედიცინო ჩვენებების ფარგლებს დიდი ხანია გასცდა.

მონაცემების სიზუსტის უზრუნველსაყოფად, მკვლევარებმა ფილტრაციის მექანიზმი გამოიყენეს. fMRI სკანირების ათასობით ნიმუშიდან მხოლოდ ის შემთხვევები შეირჩა, სადაც პაციენტის მოძრაობა მინიმალური იყო, რათა შედეგებში ნებისმიერი სახის „ვიზუალური ხმაური“ გამოერიცხათ. ტვინის კავშირების მოდელირებისას მეცნიერებმა ყველა შესაძლო ცვლადი  (ასაკი, სქესი, სოციო-ეკონომიკური სტატუსი და ძილის რეჟიმი) გაითვალისწინეს. 

cell

შედეგების გადასამოწმებლად ჩატარდა სპეციალური „სპინ-ტესტებიც“ (სტატისტიკური მეთოდი, რომელიც ადასტურებს, რომ შედეგები ტვინის ანატომიური აგებულებით არ არის განპირობებული), ხოლო მიღებული დასკვნების ვალიდურობა მოგვიანებით ზრდასრულთა ჯგუფშიც დადასტურდა (40 მგ მეთილფენიდატის მიღების შემდეგ).

კვლევის კიდევ ერთი საინტერესო მიგნება ისაა, რომ ყველა სტიმულატორი, მათ შორის რიტალინი და ადერალი, ტვინის ქსელებზე აბსოლუტურად იდენტურ კვალს ტოვებდა. ამავდროულად, საკონტროლო ჯგუფში, რომელიც ანტიჰისტამინურ პრეპარატს (ცეტირიზინს) იღებდა, მსგავსი ცვლილებები საერთოდ არ დაფიქსირებულა. ამან მეცნიერებს მყარი საფუძველი მისცა დაესკვნათ, რომ მიღებული ეფექტები არა ზოგადი ფარმაკოლოგიური რეაქცია, არამედ უშუალოდ სტიმულატორებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ხელწერაა.

სტიმულატორების გავლენა ტვინის ნეირონულ ქსელებზე
cell

ABCD კვლევამ გამოავლინა, რომ სტიმულატორები ყველაზე დრამატულ ცვლილებებს არა ყურადღების, არამედ სენსორულ და მოტორულ ქსელებში (SCAN/SM) იწვევს. პრეპარატის მოქმედებისას ფუნქციური კავშირების რესტრუქტურიზაცია უპირატესად იმ უბნებში მიმდინარეობს, რომლებიც მოძრაობაზე, სმენასა და მხედველობაზეა პასუხისმგებელი. ეს გარდაქმნები ზუსტად ემთხვევა ტვინში ნორეპინეფრინის რეცეპტორების განლაგებას – იმ ნივთიერების, რომელიც ორგანიზმს საფრთხის ან მაღალი აქტივობის დროს აფხიზლებს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სტიმულატორებს უშუალოდ ყურადღების მართვის ცენტრებზე მინიმალური გავლენა აქვს. მას შემდეგ, რაც მონაცემებიდან ორგანიზმის ზოგადი გამოფხიზლების ეფექტი გამორიცხეს, აღმოჩნდა, რომ ყურადღების ტრადიციული ქსელები  (DAN/VAN/FPN) უცვლელი რჩება.

ნაცვლად ამისა, პრეპარატი ე.წ. „მნიშვნელოვნების ქსელსა“ (Salience Network) და მეხსიერების უბნებს (PMN) შორის კავშირებს აძლიერებს. ეს პროცესი ტვინს აიძულებს, ნებისმიერი მიმდინარე დავალება პრიორიტეტულად და ჯილდოს მომტანად აღიქვას. სწორედ ამიტომ, ადამიანი ერთ საქმეზე ფოკუსირებას ხანგრძლივად ახერხებს.

ამავდროულად, სტიმულატორები ნორეპინეფრინისა და დოფამინის დონეს მკვეთრად ზრდიან, რაც ორგანიზმის გამოფხიზლებასა და დავალების „მნიშვნელოვნების“ განცდას უზრუნველყოფს. სწორედ ეს ფაქტორი მათ ეფექტურობას ნარკოლეფსიის, ტრავმული დაღლილობის, დიეტისა თუ სპორტის დროს ნათლად ხსნის. პრეპარატი ქმნის მოქმედებისთვის საჭირო ენერგიასა და ფოკუსს მაშინაც კი, როცა ადამიანს შინაგანი მოტივაცია არ გააჩნია.

ამ ნეირონულ სურათს ფიზიოლოგიური მარკერებიც ამყარებს: EEG სკანირებაზე დაფიქსირებული ალფა-რიტმის დათრგუნვა, სუნთქვის გახშირება და ნორეპინეფრინის დონის მატება ორგანიზმის სრულ მობილიზაციაზე მიუთითებს. საბოლოო ჯამში, კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენ საქმე არა „უფრო ჭკვიან“ ტვინთან, არამედ მაქსიმალურად აქტივირებულ სისტემასთან გვაქვს, რომელიც დაღლილობის სიგნალებს წარმატებით ნიღბავს. 

„ქიმიური გამოძინება“

კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი მიგნება სტიმულატორებისა და ძილის ეფექტს შორის არსებული თითქმის იდენტური ნეირონული პატერნი აღმოჩნდა. მონაცემები მოწმობს, რომ პრეპარატის მიღება ტვინის ფუნქციურ კავშირებს ზუსტად ისევე ცვლის, როგორც ამას სრულფასოვანი დასვენება ახერხებს. ორივე შემთხვევაში სენსორულ-მოტორული ქსელების აქტივობის შემცირება და გამოფხიზლების ნიშნების გაძლიერება ფიქსირდება. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ ABCD კვლევაში მონაწილე ბავშვების ნახევარზე მეტი (52%) რეკომენდებული 9-საათიანი ძილის რეჟიმს ვერ იცავდა. 

იმ ბავშვებში, რომლებიც მედიკამენტებს არ იღებდნენ, ძილის დეფიციტი მათ აკადემიურ მოსწრებასა და კოგნიტურ ტესტებზე პირდაპირ აისახებოდა. გამოუძინებლობა სენსორული ქსელების ზედმეტ აქტივობას იწვევდა, რაც დაბალ ნიშნებთან და მეხსიერების ტესტებში (n-back) დაშვებულ შეცდომებთან კორელირებდა. თუმცა, სტიმულატორების ზემოქმედების ქვეშ ეს სურათი რადიკალურად შეიცვალა. ნეიროვიზუალიზაციამ გამოავლინა ე.წ. „გადარჩენის“ ეფექტი, რომლის დროსაც ნაკლებად გამოძინებული, მაგრამ პრეპარატის მოქმედების ქვეშ მყოფი ბავშვები თავიანთი მონაცემებით კარგად დასვენებულ თანატოლებს სრულად გაუთანაბრდნენ. 

Cell; (C) დავალებით გამოწვეული აქტივაცია 0-back-ისა და ფიქსაციის კონტრასტისთვის ყველა მონაწილეში. ნაჩვენებია რეგრესიის კოეფიციენტები (ბეტა-მნიშვნელობები) მაქსიმუმის 85%-დან 95%-მდე დიაპაზონში. ფრონტოპარიეტალური ქსელი (FPN) შემოხაზულია ყვითლად; (D) მაღალი რიგის კონტრასტი 0-back-ისა და ფიქსაციისთვის სტიმულატორების მომხმარებელ (n = 109) და არამომხმარებელ ბავშვებს შორის, რაც წარმოდგენილია ბეტა-მნიშვნელობების იმავე შკალაზე.; (E) 2-back-ისა და ფიქსაციის კონტრასტი; (F) სტიმულატორების მომხმარებელი ბავშვები არამომხმარებლების წინააღმდეგ, 2-back-ისა და ფიქსაციის კონტრასტი.

ფაქტობრივად, სტიმულატორებმა ნორეპინეფრინის მეშვეობით ორგანიზმი ხელოვნურად გამოაფხიზლეს და ძილის დეფიციტით გამოწვეული ნეგატიური კვალი „წაშალეს“. სწორედ ეს ხსნის იმ პარადოქსსაც, თუ რატომ არ აჩვენებენ სტიმულატორები კოგნიტურ „გაუმჯობესებას“ უკვე კარგად გამოძინებულ ადამიანებში: თუ ტვინი ბუნებრივად დასვენებულია, პრეპარატს უბრალოდ აღარაფერი აქვს „გამოსასწორებელი“. ამგვარად, ის, რასაც ჩვენ კოგნიტურ წინსვლას ვეძახით, ხშირად მხოლოდ გამოუძინებელი ტვინის ფუნქციების საბაზისო ნორმამდე დაბრუნებაა.

Cell; (A) არ იღებდნენ სტიმულატორებს (n=5,458); (B) იღებდნენ სტიმულატორებს (n=337).

ეს მიგნებები აქარწყლებს მითს ე.წ. „ჭკვიანი წამლების“ შესახებ, რადგან ჯანმრთელ ბავშვებში IQ-ს ან ყურადღების დონის ზრდა საერთოდ არ გამოვლენილა. შესაბამისად, სტიმულატორების არამიზნობრივი გამოყენება კოგნიტური შესაძლებლობების გასაფართოებლად მეცნიერულ საფუძველს სრულიად მოკლებულია. ეს პრეპარატები მხოლოდ მათ ეხმარებათ, ვისაც ბიოლოგიური ფაქტორებით ან ძილის დეფიციტით გამოწვეული „ჩამორჩენის“ კომპენსირება და საკუთარ ბუნებრივ ნორმასთან დაბრუნება სჭირდებათ.

ბალანსი მკურნალობასა და ბიოლოგიურ საჭიროებებს შორის

ამ ყველაფრის ფონზე, ADHD-ის მქონე ბავშვებისთვის სტიმულატორების მიღება აკადემიური ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად კრიტიკულ მნიშვნელობას ინარჩუნებს. თუმცა, მკურნალობის პარალელურად განსაკუთრებული ყურადღება ძილის რეჟიმს უნდა დაეთმოს, რადგან მისი დარღვევა როგორც თავად დიაგნოზს, ისე პრეპარატს გვერდითი ეფექტის სახით ხშირად ახასიათებს.

მიუხედავად იმისა, რომ სტიმულატორები გამოუძინებელი ბავშვების კოგნიტურ ფუნქციებს დროებით აღადგენენ, ეს ბიოლოგიური დანაკარგების სრულფასოვან ანაზღაურებას მაინც არ ნიშნავს. ძილის ქრონიკული დეფიციტი უჯრედულ სტრესს, ნეირონების დაკარგვასა და დეპრესიის რისკს საგრძნობლად ზრდის. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები პრეპარატის მიღებისას პერიოდულ შესვენებებს (ე.წ. washout პერიოდებს) გვირჩევენ, რაც ორგანიზმს ბუნებრივი აღდგენის საშუალებას აძლევს. 

კვლევის შეღუდვები და მომავლის პერსპექტივები

მიუხედავად ABCD კვლევის უპრეცედენტო მასშტაბისა, რეალურ სამყაროში არსებული მონაცემების მრავალფეროვნება (სხვადასხვა მედიკამენტი, დოზირება და დიაგნოზის ქვეტიპები) ვიწრო სპეციფიკური დეტალების იდენტიფიცირებას გარკვეულწილად მაინც ართულებს. გარდა ამისა, თავად „ყურადღება“ იმდენად რთული და მრავალწახნაგოვანი ფენომენია, რომ მისი ზუსტი ნეირონული ლოკალიზაცია მეცნიერებისთვის დღემდე დიდ გამოწვევად რჩება.

სამომავლო კვლევები უშუალოდ დავალებაზე დაფუძნებულ fMRI სკანირებაზე იქნება ფოკუსირებული, რათა ტვინის რეაქცია ჯილდოს მიმართ უკეთ შეისწავლონ. ასევე იგეგმება პრეპარატების ფარმაკოკინეტიკის სიღრმისეული ანალიზი და ძილის ხანგრძლივი მონიტორინგის წარმოება.

საბოლოო ჯამში, კვლევის თანახმად,  კოგნიტური “გაუმჯობესებისთვის” ხშირად ხარისხიანი ძილიც საკმარისია. იმის გათვალისწინებით, რომ მოზარდებისა და ზრდასრულების ნახევარზე მეტი ქრონიკულად გამოუძინებელია, ბევრ მათგანს სასურველი კოგნიტური ეფექტის მიღწევა სტიმულატორების გარეშე, მხოლოდ სრულფასოვანი დასვენების ხარჯზეც შეუძლია.

წყარო: Cell



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები