ტრაგედია კახეთში: შინ მომზადებულმა კონსერვმა ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა

გააზიარე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, სავარაუდოდ, შინ მომზადებული ბადრიჯნის კონსერვის მიღების შედეგად, 30 წლის ქალი გარდაიცვალა. გამოცემა „მთავარი ამბები კახეთიდან“ ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, პროდუქტის მიღების შემდეგ ახალგაზრდა ქალი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი ჯერ გურჯაანის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი თბილისის ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანა. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ინტოქსიკაციის სიმპტომები აღენიშნებათ გარდაცვლილის მეუღლესა და შვილსაც, რომლებიც ამ დროისთვის შესაბამის მკურნალობას თბილისში გადიან. რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამას დანიშნული ექსპერტიზა დაადგენს.

აღნიშნულ შემთხვევასა და ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სურათს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლია გოლიაძე აფასებს:

როგორია ბოტულიზმის სტატისტიკა საქართველოში?

სამწუხაროდ, ბოტულიზმის სიხშირის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა საქართველო ამ დაავადების მხრივ ენდემურ რეგიონს წარმოადგენს. ინფიცირების შემთხვევები თითქმის ყოველთვის არასწორად კონსერვირებული პროდუქტების შენახვასა და მოხმარებას უკავშირდება. გასულ წელს 15-20 შემთხვევა დაფიქსირდა, სიკვდილიანობა კი წლიურად, საშუალოდ, 1-2-ია.

რა შემთხვევაში ვაწყდებით ფატალურ გამოსავალს და რამდენად ხელმისაწვდომია მკურნალობა? 

მიუხედავად ინფიცირებისა, საქართველოში ბოტულიზმის საწინააღმდეგო სპეციფიკური მკურნალობა სრულად ხელმისაწვდომია. ადეკვატური თერაპია ისეთი მძიმე კლინიკური სიმპტომების პროგრესირებას, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა, ეფექტურად აჩერებს. თუმცა, სიკვდილის რისკი მაღალია, როდესაც პაციენტი კლინიკას დაგვიანებით მიმართავს. ისეთი ნიშნების გამოვლენისას, როგორიცაა გულისრევა და ყლაპვის გაძნელება, სამედიცინო დახმარების მიღება დაუყოვნებლივაა საჭირო. მოგვიანებით ეტაპზე შესაძლოა მხედველობის გაორებაც განვითარდეს, რა დროსაც პაციენტის სიცოცხლე უკვე კრიტიკული საფრთხის წინაშე დგება.

რა რჩევას მისცემდით მოსახლეობას კონსერვირებული პროდუქტის მოხმარების თაობაზე? 

სამწუხაროდ, საქართველოში შინ კონსერვირების პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული, რაც ბოტულიზმის რისკს საგრძნობლად ზრდის. ამიტომ, როგორც ზოგადი რეკომენდაცია, აუცილებელია, რომ ნებისმიერი კონსერვირებული პროდუქტი მოხმარებამდე მინიმუმ 5-დან 10 წუთამდე ვადუღოთ. ეს მარტივი პროცედურა ტოქსინის განადგურებასა და უსაფრთხო მოხმარებას უზრუნველყოფს.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები