ინფარქტის დროს ზრდასრული ადამიანის გული მილიარდამდე კუნთოვან უჯრედს კარგავს. ვინაიდან ამ უჯრედებს ბუნებრივი რეგენერაციის უნარი არ გააჩნიათ, პროცესს ნაწიბურების წარმოქმნამდე და გულის უკმარისობამდე მივყავართ. დღეს არსებული სამედიცინო მიდგომები მხოლოდ ამ სიმპტომების მართვაზეა ორიენტირებული. კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი mRNA თერაპია, რომელიც გულის კუნთის უჯრედებში რეგენერაციის მექანიზმებს ააქტიურებს.
ჟურნალ Nature Cardiovascular Research-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მეცნიერებმა გულის კუნთის უჯრედებში ორი სპეციფიკური ცილის, Myc-ისა და Cyclin T1-ის, დროებით გასააქტიურებლად ინოვაციური mRNA თერაპია გამოიყენეს. ეს მოლეკულური პროცესი დაზიანებულ უჯრედებს დაყოფისკენ უბიძგებს და განადგურებული კუნთოვანი ქსოვილის აღდგენას უზრუნველყოფს.
თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ინფარქტის შემდეგ თერაპიის გამოყენებამ გულისცემა საგრძნობლად გააძლიერა და თითოეული შეკუმშვისას გადატუმბული სისხლის მოცულობა დაახლოებით 10%-ით გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სრულ განკურნებას არ ნიშნავს, გულის ფუნქციის 10%-იანი გაუმჯობესებაც კი პაციენტებში სიკვდილიანობის რისკს მკვეთრად ამცირებს და ყოველდღიური აქტივობების შესრულების უნარს აბრუნებს.
უსაფრთხოების თვალსაზრისით, მეთოდი ოპტიმალურია: ვინაიდან mRNA თერაპიის მოქმედება ლოკალური და ხანმოკლეა, ის უჯრედების მუდმივ მოდიფიკაციასა და უკონტროლო ზრდის რისკს გამორიცხავს. ინიექციიდან 28 დღისა და 12 კვირის შემდეგ ჩატარებულმა ექოკარდიოგრამამ დაადასტურა, რომ გულის ფუნქციის გაუმჯობესება გრძელვადიანია. ამასთან, ექსპერიმენტულ მოდელებში არანაირი გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა.
„ჩვენ არ ვმკურნალობთ მხოლოდ გულის უკმარისობის სიმპტომებს — ეს მიდგომა გულს თვითაღდგენაში ეხმარება. თერაპიას პოტენციურად შეუძლია, მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს“, — აღნიშნავს კვლევის თანაავტორი, დოქტორი კეტრინ უილსონი.
მკვლევრები ამჟამად თერაპიის დახვეწაზე მუშაობენ. სანამ ახალი ტექნოლოგია კლინიკურ პრაქტიკაში დაინერგება, მან ეფექტიანობისა და უსაფრთხოების ტესტირება უფრო დიდ ცხოველურ მოდელებსა და, საბოლოოდ, ადამიანებზე უნდა გაიაროს.
წყარო: MedicalXpress

