ნიდერლანდებში, ლეიდენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ მოქმედებს სტრესი ტვინზე და როგორ უწყობს იგი ხელს ისეთი მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მდგომარეობების განვითარებას, როგორიცაა, მაგალითად, შფოთვა და დეპრესია.
კვლევის მთავარი ობიექტი კორტიზოლია – სტრესის ჰორმონი, რომელიც საფრთხის ან დაძაბულობის დროს თითქმის ყველა ხერხემლიანის ორგანიზმში გამოიყოფა.
ბიოლოგიურ დონეზე სტრესზე რეაგირებისას კორტიზოლი ტვინში ორ სპეციფიკურ ცილას: მინერალოკორტიკოიდულ (MR) და გლუკოკორტიკოიდულ (GR) რეცეპტორებს უკავშირდება. ეს ცილები, როგორც წესი, წყვილდებიან და ქმნიან ერთეულებს, რომლებსაც დიმერები ეწოდებათ.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „ჰეტეროდიმერებს“ ანუ წყვილებს, რომლებიც ერთი MR და ერთი GR რეცეპტორისგან შედგება. აქამდე მეცნიერებისთვის უცნობი იყო, თუ რა გავლენას ახდენდა ეს კონკრეტული კომბინაცია სტრესთან დაკავშირებულ ქცევით ცვლილებებზე.
რა აჩვენა კვლევამ?
ამ მექანიზმის შესასწავლად მეცნიერებმა გამოიყენეს ზებრა თევზი, რადგან ამ სახეობის ტვინისა და ქცევის მონიტორინგი სამეცნიერო თვალსაზრისით საკმაოდ მარტივი და ეფექტურია. გენეტიკური ინჟინერიის დახმარებით მათ შექმნეს რეცეპტორების ისეთი მუტაციები, რომლებიც მხოლოდ გარკვეული ტიპის წყვილების შექმნას უზრუნველყოფდა. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ კორტიზოლი ზებრა თევზის ქცევას მხოლოდ იმ შემთხვევაში ცვლიდა, როდესაც MR და GR რეცეპტორები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ და ჰეტეროდიმერებს ქმნიდნენ.
დადგინდა, რომ სწორედ ეს კომბინირებული წყვილები მართავენ იმ გენებს, რომლებიც პასუხისმგებელია ტვინის სხვადასხვა უბნებს შორის ინფორმაციის მიმოცვლაზე. კერძოდ, ისინი ზემოქმედებენ გლუტამატერგულ სისტემაზე, რომელიც ტვინში აღგზნების სიგნალების გადაცემას უზრუნველყოფს. ამ პროცესის ცვლილება კი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს სხვა მნიშვნელოვან ნეიროტრანსმიტერებზე, რაც საბოლოოდ სტრესულ და შფოთვით ქცევაში ვლინდება.
როგორ დაეხმარება აღმოჩენა შფოთვისა და დეპრესიის მკურნალობას?
მიღებული შედეგები ახალ პერსპექტივას აჩენს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების მკურნალობაში. თუ აღნიშნული მექანიზმი ადამიანებშიც ანალოგიურად დადასტურდება, ეს მეცნიერებს საშუალებას მისცემს, შექმნან ალტერნატიული თერაპიული მეთოდები.
ახალი პრეპარატები მიზანმიმართულად იმოქმედებენ სტრესის სიგნალების გადაცემის იმ სპეციფიკურ გზებზე, რომლებიც ამ კვლევის ფარგლებში იქნა იდენტიფიცირებული, რაც შფოთვისა და დეპრესიის მკურნალობას უფრო ეფექტურს გახდის.
წყარო: Nature

